4-07-2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი აქცია, რომლის მიზანი კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა იყო, სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გარეშე არ დარჩება.
დავით მათიკაშვილი გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის შტურმი და ძალადობრივი აქცია იხილა, რომელმაც საკმაოდ დიდი ზიანი გამოიწვია როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელთა მხრიდან.
„მოგერიების რეჟიმში მყოფი პოლიცია ვნახეთ, როცა ძალადობას იგერიებდა. ამ ძალადობის უკან რა იდგა, კითხვის არსებითი შინაარსი ეს არის. ძველი მუხლი მხოლოდ ძალადობის ორგანიზებას გულისხმობდა, პროკურატურამ კი, მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმე აქვს არა მხოლოდ ძალადობასთან, არამედ ძალადობის მიზანი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო. გამოძიების ეტაპზე ამ მოსაზრების რეალობა უნდა გამოიკვეთოს და თუ პროკურატურის ხელთ სათანადო მტკიცებულებები იქნება, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ადეკვატური კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს, მათ შორის, ამ საქმის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება. ამასთან, მათივე თქმით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება.