გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 4 გამარჯვებული ჰყავს

5-07-2019

დღეს მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნამუშევრების პრეზენტაცია და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსს, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, 4 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა 20-ამდე, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლემ მიიღო. გამარჯვბეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და „მედიააკადემიამ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩაატარა.


კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „fake news“ უნდა აღმოეჩინათ, რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს ამას გარდა, უნდა წარმოედგინათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები, ამბავი.


კონკურსი 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით გამოცხადდა, მოგვიანებით კი საკონკურსო დრო ერთი კვირით, 21 ივნისამდე გაგრძელდა. ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში, 4 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინეს.


დაჯილდოების ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად გააკეთეს საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია და კომუნიკაციების კომისიისგან შთამბეჭდავი, თემატური და მოზარდებისთვის საჭირო პრიზები მიიღეს.


კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველ ადგილზე გავიდა ლაშა ქურდაძე, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, გამოავლინა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მართვის მოწმობის აღების ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ. საქმე ეხებოდა მტკიცებით ფორმაში ხმაურიანი სათაურებით გავრცელებულ ახალ ამბებს - „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს“, „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს - მინიმალური ასაკის ზღვარი იცვლება“, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანა სოციალური ქსელების მომხმარებლები. მოქალაქეები თავად გახდნენ, როგორც ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, ისე ამ ინფორმაციის გავრცელების წყარო სოციალურ ქსელებში.


ლაშამ ამ ინფორმაციის გადამოწმების და ნამდვილი ამბის დადგენის მიზნით, თავად მიმართა პირველწყაროს - შსს-ის მომსახურების სააგენტოს და ფაქტებით დაადასტურა, რომ აღნიშნული ამბავი ეხებოდა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, განხილვას ექვემდებარება და საბოლოო ფორმულირებები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განსაზღვრული.


ამასთან, ლაშა ქურდაძე საკმაოდ შემოქმედებითად მიუდგა საკითხს, შეარჩია მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მას და მის თანატოლებს ეხება, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია, საკუთარი ნამუშევარი ვიდეოს სახით წარმოადგინა და ჟიურის წევრებისგან უმაღლესი შეფასება და პრიზის სახით MacBook Pro მიიღო.


მეორე ადგილზე გავიდა ილია სადღობელაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მე-11 კლასის მოსწავლე. ილიას საკონკურსო ნაშრომი ეხებოდა ქართულ მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების შესახებ სათაურით - „მალე საქართველო ახლანდელ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად აღიარებს“. ილიამ საკუთარ ნაშრომში მკაფიოდ წარმოაჩინა ყალბი ინფორმაციის დამახასიათებელი ფაქტორები - ინფორმაცია არ ეფუძნებოდა სანდო წყაროს, არამედ ერთ-ერთი ფეისფუქ-მომხმარებლის პოსტს და ასევე, მასში მოყვანილი იყო ძველი ამბები. მან ლოგიკურად დაუკავშირა ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს და ნამდვილი ამბის დასამტკიცებლად, მოიძია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის თაობაზე.


ილია სადღობელაშვილის ნაშრომმა, რომელიც ასევე შემოქმედებითი და ინფორმაციული ვიდეოს ფორმატით იყო წარმოდგენილი, ჟიურის წევრებისგან მაღალი შეფასება მიიღო, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა და საჩუქრად გადაეცა iPhone XS-ი.


მესამე ადგილზე გავიდა რუბენ გულასარიანი, 96-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თბილისიდან. რუბენის საკონკურსო ნაშრომში გამოვლენილია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხური წარმოშობის ფეისბუქის გვერდი ქართულ ნაციონალურ კერძს ისაკუთრებს.


რუბენმა შეადარა ერთმანეთს ინფორმაციის გავრცელების წყაროს ფეისბუქ გვერდისა და პოპულარული სომხური გვერდის მთავარი ფოტოები, ასევე ყურადღება მიაქცია ინფორმაციის გავრცელების, ფოტოს ატვირთვის და წყაროს მიერ დასახელებულ თითქოსდა ინფორმაციის მიღების დროს, სადაც აღმოაჩინა უზუსტობები. მის მიერ ამ ამბის ასე კრიტიკულად შეფასება, ფაქტების ფოტო-მასალით გამყარება და საკმაოდ შემოქმედებითად საპრეზენტაციო ფორმატით წარმოდგენა გახდა საფუძველი ჟიურის წევრებისთვის რუბენ გულასარიანისთვის მესამე საპრიზო ადგილი მიენიჭებინათ. რუბენს პრიზის სახით iPad Pro + Apple Pencil-ი ერგო.


ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზის კატეგორიაში გაიმარჯვა დავით აბზიანიძემ, ქუთაისის მე-20 საჯაროს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, რომლის საკონკურსო ნაშრომიც ეხებოდა ისეთ ხშირად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, როგორიცაა სამყაროს აღსასრულის კონკრეტული თარიღი. აღსანიშნავია, რომ დავითის მიერ წარმოდგენილმა ნამუშევარმა პირდაპირ ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები, თუმცა მას იმდენად კრეატიულად, სახალისოდ და ოსტატურად ჰქონდა წარმოჩენილი ყალბი ინფორმაციის ამოცნობის, მისი გადამოწმების და ნამდვილი ამბის დადგენის გზები და ამასთან, ეს ყველაფერი თავადვე ყალბი ამბების მეშვეობით გააკეთა, რომ ჟიურის წევრებმა მას სპეციალური პრიზი „კრეატიული და სახალისო ნაშრომისთვის“ გადასცეს. დავით აბზიანიძე ორი კვირით „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისის“ საზაფხულო სკოლაში წავა.


კომუნიკაციების კომისია მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 2019 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად 5 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.


კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჟიურის წევრები:


ხათუნა ივანიშვილი - საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი ფუტკარაძე - აიიპ „მედიააკადემიის“ მედიასკოლის ხელმძღვანელი;

სანდრო ასათიანი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი;

შორენა შავერდაშვილი - მედიაექსპერტი;

ნათია კუპრაშვილი - მედიაექსპერტი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930