6-07-2019
კახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღებით.
მისი თქმით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, რომელიც ასეთ დესტრუქციულ პროცესებს ქმნიან ქვეყანაში, საკითხს აყენებენ აბსოლუტურად არასწორად და ხშირ შემთხვევაში ცდილობენ რომ ფოკუსი არიონ და წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, რომ რაღაც ალტერნატივები გვაქვს, ერთის მხრივ ალტერნატივაა ტერიტორიული მთლიანობა და მეორეს მხრივ - ბაზრები ან ეკონომიკური კეთილდღეობა.
"ასე საკითხის დასმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა და მოდის სწორედ მათი ინტერესიდან, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა რეალურად სურათი. ეს ცალსახაა, მათი ერთადერთი ამოცანა და დღის წესრიგი უკავშირდება ეკონომიკური პრობლემების შექმნას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას პირდაპირ იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა მიუღებელია განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, განსხვავებით პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თვითონაც დიდწილად არიან თანამონაწილეები და პასუხისმგებლები რა სიტუაციაც გვაქვს, მათ შორის ოკუპაციის გაძლიერების.
ჩვენთან პრობლემები დაიწყო უფრო ადრე, 90-იანი წლებიდან. ცალსახაა, მაგრამ გართულებული და გაუარესებული ვითარება ზუსტად მათი მმართველობის პერიოდში პოლიტიკური მივიღეთ. მათი თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობა ცალსახაა და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ საუბარი ბაზრების გახსნაზე, ან სავაჭრო-კომერციული, თუ კულტურული კავშირების აღდგენაზე და სხვა ტიპის თანამშრომლობაზე, არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის, თუ უგულველყოფის ხარჯზე არ მომხდარა არცერთი გადაწყვეტილების მიღება.
ამიტომ ჩვენ ცალსახად თავშივე, როდესაც ეს იყო ბატონი ზურაბ აბაშიძის ფორმატი, თუ ნებისმიერი სხვა, იგივე ჟენევის მოლაპარაკებები, საერთაშორისო მიღებული ფორმატები, აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ არსებობს წითელი ხაზები. რადგანაც ამაზე მზად არ ვართ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ შეიძლება არ იყოს მზად მეორე მხარე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ რომ ამ საკითხს არ ვეხებით, ვეხებით სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის ცალსახად აღსანიშნავი დღევანდელ შეხვედრაზეც.
მე ვშიშობ, რომ არ გამოიყენოს ზოგიერთმა ძალამ, მათ შორის თქვენი სამართლიანი თხოვნები სპეკულაციებისთვის. მათ შორის ამ დარბაზში შიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ღირებულებების ნაწილში ან სამშობლოს სიყვარულში ან სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობის ნაწილში სხვა დამოკიდებულებები ჰქონდეს.
ჩვენ ვსაუბრობთ პრაგმატულ დამოკიდებულებაზე, გადაწყვეტილებებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია თავის ქვეყნის წინაშე, ის ეკონომიკური რისკის წინაშე დგას ქვეყნის სტაბილურობის მიმართ. მას თავისი ფინანსური რისკები და პასუხისმგებლობები გააჩნია, ეს არ არის მხოლოდ საუბრები, ამის უკან რეალურად მატერიალური პასუხისმგებლობაც დგას და ამ შემთხვევაში, გვესმის რომ თქვენი მხრიდან მოთხოვნები განსაკუთრებულია და საკმაოდ ლეგიტიმური", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში , კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.