6-07-2019
„თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა.
2014 წელს მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენსა და ევროკავშირს შორის, მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ხელი მოეწერა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, მიდის მოლაპარაკებები ინდოეთთან და ასე შემდეგ. ბოლო 7 წელიწადში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე 20 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად გურჯაანში გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.
ნათია თურნავას შეფასებით, ერთია ის არჩევანი, რასაც მთავრობა ქმნის და მეორეა - რას ირჩევს თავად ბიზნესი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა არ კარნახობს ბიზნესს, საიდან ჩამოიყვანოს ტურისტი ან რომელ ქვეყანასთან ივაჭროს, თუმცა, არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს პირდაპირი ფრენებით, მარკეტინგული კამპანიებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.
„არსებობს რეგიონის რეალობა - ტრადიციული ბაზრები, მათ შორის რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე სასურველია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ეს არის პრაგატიზმი და ბიზნესის ლოგიკა. ეს არის ბაზარი, სადაც არ გვჭირდება ბევრი ახსნა, რეკლამა და დამატებითი ხარჯები, თუ რა არის საქართველო, ქართული ღვინო და რა არის რეალობა. ეს ასეა ისტორიულად და ჩვენ რა უფლება გვაქვს, თუნდაც ამ მთავრობას, ამ პოლიტიკურ ძალას გიკარნახოთ, უარი თქვათ ამაზე პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს იქნება არასწორი და ეს არ არის ჩვენი ხელწერა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ მეწარმეებთან საუბრისას ასევე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
მისი თქმით, თუ პროცესები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ დესტრუქციულ ძალას სურდა, ეს მთლიანობაში დაარტყამდა ქვეყანას, უკან დაგვხევდა წლებით და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.