8-07-2019
ნაგოია ბაშოს მეორე დღეს კვლავ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც წინა ბაშოს მე-10 დღეს მუხლი დაიზიანა, როგორც ჩანს, ტრამვის მოშუშება ვერ შეძლო. ამას დაემატა მოსამზადებელი შეხვედრების დროს მიღებული მხრის ტრამვა და ტოჩინოშინიც ისე მძლავრად ვერ გამოიყურება, როგორც ამას ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა.
მე-3 მაეგაშირა შოდაისთან დაპირისპირების დროს ლევან გორგაძემ თავიდანვე სცადა მისთვის სასურველი მავაშის აღება, მაგრამ მეტოქემ მას კარგი კონტრტაქტიკა დაუპირისპირა, მოძრაობაში აჰყვა და ძლიერი, თანაბარი მიწოლით გაიყვანა დოჰიოდან.
ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინი ოძეკის სტატუსითაა. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შემდეგ ბაშოზე ის „კადობანში“ იქნება , რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურნირზე მას ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად აუცილებლად დასჭირდება მინიმუმ 8 გამარჯვება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე რუდენი იქნება.