8-07-2019
„არ გავაგრძელებ დისკუსიას იმ ადამიანებთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია", - ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ დღის ამბების წამყვანი დიანა ტრაპაიძე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
„არხის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად. ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი, რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი, ყველას მიზანი ქვეყანაში ერთადერთი ფანჯრის დახურვაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყენაში არც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ - ცალკე აღებული; ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, ვინც, მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს - თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს. ეს უპირატესობა საშუალებას მაძლევს არ გავაგრძელო დისკუსია სოციალურ ქსელშიც მათ შორის, - იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია. ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ვფიქრობ, მიუღებელი იყო საგანგებო განცხადებებში დასჯაზე მინიშნება. ასევე ყოვლად გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხელისუფლების მოვალეობა კანონის უზრუნველყოფაა და ყველას დაცვა აგრესიისა და თავდასხმებისგან. მამუკა ღლონტი ჩემი უფროსი იყო „მაესტროში“ და ის ასე გამოეხმაურა ამ მოვლენებს - „ მორალი ინდივიდუალური რამეა, კანონი კი საერთო“ - რასაც სრულად ვეთანხმები“.
ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით გაბუნიას ბრალი ის არის, რომ „უდონო და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს“.