8-07-2019
საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის დაპირისპირება – ეს არის მთავარი ამოცანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა ემსახურება და მათთან ერთად, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირებები არის გეგმა და გეგმის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“ გაერთიანდა და ლუსტრაცია მოხდა. დაპირისპირებები არის გეგმა და გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია საქართველოსთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა. დუღილის გამოწვევაზე ჯერ კიდევ შუალედური არჩევნების დროს საუბრობდნენ. შესაძლოა, სადმე, ოდესმე გაისმას რამე პრორუსული განცხადება, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს თავის წისქვილზე წყლად გამოიყენონ. რეალურად, არათუ სიტყვით, არამედ საქმით და კონკრეტული ქმედებებით ყველაფერი გააკეთეს ოკუპაციისა და აგრესიის ხელშესაწყობად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ეს ხალხი ანტისახელმწიფოებრივი გეგმას მიჰყვება.
„ეს ხალხი გეგმას მიჰყვება, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელიც თითქოს, თავისუფალი სიტყვის პრინციპით არის მონათლული. რეალურად, მზაკვრული გეგმის განხორციელების პროცესს ვხედავთ, რაზეც საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ძალიან ძნელია, ადვილად გაარჩიო, სად არის მტყუან-მართალი. განსაკუთრებით, თუ ამ პროცესს თვალყურს თავიდანვე არ ადევნებ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, არც ერთი ახალგაზრდა არ უნდა აჰყვეს ანტიქართულ პროპაგანდას.
„არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ახალგაზრდა არ უნდა შევიდეს შეცდომაში და ანტიქართულ პროპაგანდას არ უნდა აჰყვეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს. ეს არ არის ანტისაოკუპაციო ძალები, პირიქით, ეს საოკუპაციო ძალები არიან. საამისოდ, ქმედებები აქვთ ჩადენილი და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართულ საზოგადოებაში დასავლური ღირებულებები და სამთავრობო პოლიტიკა დისკრედიტებული იყოს. ამას შეგნებულად და აქტიურად აკეთებენ. ვითომ დასავლური ფასეულობების დამცველები არიან, იმას აკეთებენ, რომ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიონ. ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, რას აკეთებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, თუმცა გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ყველას აქვს გამოხატვის უფლება.
„ლევან ვასაძე რას აკეთებს, არ ვიცი, მას თავისი მოსაზრებები და პოზიცია აქვს ლგბტ თემთანდაკავშირებით. გამოხატვის უფლება ყველას აქვს. სადმე კანონში თუ წერია, ვის შეუძლია, პირველმა ადგილი დაიკავოს, ეს არ მახსოვს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა ძალიან მძლავრია როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მხრიდან, ვინც გრძნობს, სად არის ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის გზა. პროვოკაციის მთელი რესურსი გამოყენებულია, რათა ეს რეალობა შეიცვალოს პროპაგანდისტურად. ვინ გვედავება, ვინ მოდის და გვიპირისპირდება? – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ტერიტორიები ჩააბარა. ხელებზე სისხლი აქვთ არა მხოლოდ ხალხის, არამედ იმ ბიჭების, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და არ გამოუყვანიათ. რომ არა ეკლესიის ჩარევა, მათი ნეშტებისთვის პატივის მიგებას ვერც შევძლებდით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს ხალხი თავს ევროპელად და დასავლეთის პოლიტიკის მხარდამჭერად წარმოაჩენს.
„თუ ეს რეალობა საზოგადოებამ არ დაინახა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ეკონომიკური აგრესიის რესურსი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, სრულად გამოიყენა. რაც „რუსთავი 2“-მა დაიწყო, ის გრძელდება. დღეს ხაზის გავლება უნდათ, თითქოს, ხელისუფლება პრორუსულია და თავად არიან პროდასავლური. ეს არის პრიმიტიული რეალობა და ამის ფონზე ხორციელდება აგრესია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგ“, – მიიჩნევს ვოლსკი.
დეპუტატის თქმით, ეს არის გამოხატული აგრესია, სათავეში უდგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
„დანარჩენი რა აქციები იმართება, ზოგი ლგბტ-ს მხარდასაჭერად და მის წინააღმდეგ, ეს სულ სხვა თემაა, რაც არ ეხება იმ ბოროტებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ჩაიდინა და რასაც ახლა სჩადის“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.