გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბათუმში სასტუმრო ჰილტონში გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის

9-07-2019

11 ივლისს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო.
„ის ფაქტი, რომ ფორუმზე დარეგისტრირდა 400-ზე მეტი მონაწილე და მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების კუთხით“ - განაცხადა გენადი არველაძემ.


მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმი კარგი საშუალებაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას. დარწმუნებული ვართ, რომ ფორუმი საქართველოში როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“ - აღნიშნა არველაძემ.


აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ. ფორუმის პირველ სესიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობს.


ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930