10-07-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრიჩეკს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემები იყო ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და განათლების სფეროებში.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეზე, ამ პერიოდის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა.
ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას მისი ეფექტური განხორციელების პროცესში.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციაში - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" მონაწილეობისთვის, რომელსაც ბათუმი 11-12 ივლისს უმასპინძლებს.