11-07-2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვებს პასუხობს. გადაცემის მთავარი თემა 20-21 ივნისი და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებია. კითხვაზე, თვლის თუ არა რომ გადადგომა არის სწორი გამოსავალი, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ახლა პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნება.
„მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, ამ მომენტში წასვლა და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცდომებზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან თავს. ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამინების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნით ცდილობენ შეჭრას პარლამენტის შენობაში. როდესაც დღესაც ვერ ხსნიან რა მიზნით და რა უდნა ყოფილიყო შემდეგ ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან ამ ქვეყნის რომელიმე თანამდებობის პირი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო? გადაარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყევტილება და შეასრულო. შეუთანხმდე ან შეეგუო რაღაც კომპრომისს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი. არც ერთ პოლიციელს და ხაზგასმით მინდა ეს აღვნიშნო და ვუთხრა ყველას - იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ახლა გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ და მართალ საქმეს აკეთებენ და იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ვხედავდი მათ ზურგს უკან, ფონს რომ უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს - მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება, შეუძლებელი უნდა იყოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.