11-07-2019
გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა კანონით და საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, მინისტრის ბრძანებით ამ რეზინის ტყვიების სროლა 50 მეტრი დისტანციით არის ნებადართული.
„ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ყველა ტყვია, რომელიც იყო გამოყენებული, 4 სახის იყო გამოყენებული, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, სხვათა შორის, ეს, რომელსაც თქვენ ამბობთ, ნარინჯისფერი, არის 2012 წელს შეძენილი. მას შემდგომ ყოველთვის ყველგან იყო აღჭურვილობაში. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური გამოყენების მანძილი არის 10 მეტრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენ პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, ყველა ის პროფესიონალი, ვისაც საერთოდ თემა ესმის, ის ხვდება და იცის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის სრული აბსურდი, სიცრუე და ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რა დონეზეც და როგორაც არ უნდა ნდომებოდა, ეს აქცია და ეს სამწუხარო ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე შედეგებით, საბედნიეროდ ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომლების მდგომარეობა არის სტაბილური და პოზიტიური პროგნოზით. ეს არის ის რაც დღეს გვაქვს. ახლა რაც შეეხება, რომ დავუბრუნდეთ იგივე ტყვიებს, მარტივი თემაა. გეუბნებით, ყველა სპეციალური საშუალება, მათ შორის ტყვია არის კონკრეტულად კანონით განსაზღვრული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არცერთი სპეციალური საშუალება, რომელიც კანონში არ წერია, იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ტყვიის მწარმოებელს პირდაპირ უწერია, რომ არის ეფექტური 10 მეტრის შემდეგ. მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც პოლიციელს უკრძალავს და ეუბნება, უნდა გამოიყენო მხოლოდ და მხოლოდ 20 მეტრის შემდეგ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ღონისძიების პირობებში, იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევა, უკიდურესად მძიმე და პირველ რიგში ჩვენთვის, სამინისტროსთვის და საპოლიციო სისტემისთვის უფლებამოსილების გადამეტების. მერწმუნეთ, ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყო, როდესაც დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობს ვიღაცას მოარტყას, მაგრამ არ შეიძლება ფაქტების აღრევა. თუ ვსაუბრობთ და ვესაუბრებით ჩვენ მოსახლეობას, მაშინ უნდა ავუხსნათ, კონკრეტულად რას რა შედეგი მოჰყვა.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.