14-07-2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.
,, სამოხელეო დანაშაულს და პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოძიებს - ეს ჩვენი მანდატი არ არის. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ 2 კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში.’’- განაცხადა მეზვრიშვილმა .
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უწყება დაინტერესებულია, გამოძიება სწრაფად წარიმართოს.
,,ჩვენს ინტერესშია რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდეს და თუ რეალურად შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტით დადასტურდება, რომ უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა შესაბამისი შედეგები უნდა დადგეს და ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. ეს არის რაზეც საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს და მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტები ვიხილეთ ‘’, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.