14-07-2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "შაბათის კურიერის" 13 ივნისის
გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება 13 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ მორიგ ცილისმწამებლურ და სიცრუეზე დამყარებულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა თამბაქოს ინდუსტრიას - კონკრეტულად კი უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდასა და თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს.
პირველ რიგში, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი რიცხობრივი მონაცემები, რომლებიც ამ სიუჟეტის ავტორთა მიერ წარმოდგენილია, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ფინანსური ზიანი, სინამდვილეში წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას, არის სიცრუე და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტიც, თითქოს 2018 წელს უფილტრო სიგარეტების არარეალურად დიდი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემის ფაქტთან გვაქვს საქმე. რეალურად, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უფილტრო სიგარეტზე აქციზური მარკების ზრდამ 110% შეადგინა მაშინ, როდესაც 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 50%-ია.
ზოგადად, ცნობილი ფაქტია და ამას თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ნებისმიერი კომპანიაც დაადასტურებს, რომ აქციზური მარკების მოთხოვნა და შესაბამისად გატანა, დამოკიდებულია მოთხოვნაზე და გამორიცხულია რომელიმე კომპანიამ გაიტანოს იმაზე მეტი აქციზური მარკა, ვიდრე ამ მარკის დაკვრის ქვემდებარე სიგარეტის მოთხოვნაა ბაზარზე.
ამასთან, აქციზური მარკების გაცემა არ არის პირდაპირ კავშირში აქციზის გადასახადთან იმავე პერიოდში, ვინაიდან აქციზის გადასახადის გადახდა ხდება არა აქციზური მარკის გაცემისას, არამედ მაშინ, როდესაც კომპანია აწარმოებს სიგარეტს და გაიტანს ბაზარზე გასაყიდად ან განახორციელებს სიგარეტის იმპორტს. ასევე, სამართლებრივად მარკების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, არ არის მოსალოდნელი აქციზის გადასახადის ზრდა.
სიცრუეა ისიც, თითქოს, 2018 წლის დეკემბერში, აქციზური მარკები გაიცა მხოლოდ „თბილისის თამბაქოზე“. აღსანიშნავია, რომ აქციზური მარკები გასული წლის დეკემბერში, ასევე, გაიცა კომპანია „ოჯითიზე“, რომლის ხელმძღვანელს ეს ფაქტი სიუჟეტში არ უხსენებია.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით იზარალა 60 მლნ ლარით, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი.
ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარდა კომპანია „ოჯითისა“, თამბაქოს ბიზნესში მომუშავე არც ერთ სხვა კომპანიას, არ აქვს არანაირი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და აქციზური მარკების გაყიდვით, 2018 წლის დეკემბერში, ბიუჯეტმა სრულად მიიღო ის თანხები, რომელიც მას ეკუთვნოდ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.