15-07-2019
ხალხი ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას „ევროპულ საქართველოსთან“ დაპირისპირების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება არა დაპირისპირებაზე, არამედ საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო. ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი და უფრო განვითარებული იყოს, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ჩვენ ხომ ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და გამოვიყენოთ ეს რესურსი ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.