16-07-2019
ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ კონფერენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სტუმარს, საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, პრეზიდენტ ტუსკს, ევროპარლამენტარებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო და ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ევროპასთან ინტეგრაციამ ჩვენ მოგვიტანა კონკრეტული შედეგები - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ამასთან ერთად, 10 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას - აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელმაც 6 სახელწიფოს მისცა საშუალება, ახალ დონეზე გადაეყვანა ევროპული მისწრაფებები. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ამას ყველა ერთხმად აღიარებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონფერენციაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყანას აქვს მისწრაფება და შესაძლებლობა, რომ ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანოს.
„დღეს ჩვენ ვართ ასოცირებული წევრები და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის ხორცშესხმა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მანამდე ვფიქრობ, არის შესაძლებლობები, რომ სექტორალური ინტეგრაციის თვალსაზრისით სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებთან საქართველომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მსგავსი მექანიზმების შესაქმნელად.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს სექტორალურ ინტეგრაციას და რომელიც ასევე გულისხმობს, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ენერგეტიკული ბაზრის, ერთიანი ციფრული ბაზის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორის, განათლების, მეცნიერების კულტურის. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში და აქედან გამომდინარე, საქართველო იმსახურებს დამატებით შესაძლებლობებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ევროპელ კოლეგებთან საუბარი შეეხო ასევე ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო წარმატებული იყოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.
„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი იმ ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განვიხილეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარება იმისთვის, რომ ეს სამშვიდობო ინიციატივა რაც შეიძლება მოკლე დროში დავნერგოთ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეგვიძლია ვითამაშოთ შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენ დასავლელ მეგობრებამდე, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ჩვენ წარმოუდგენელია ვისაუბროთ სტაბილურ და მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპული ოჯახისთვის და ამ კონცეფციაში საქართველოს თავისი უნიკალური როლი აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.