17-07-2019
პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს.
“ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს:
საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა მოექცნენ აგრესიული, ფარისევლური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი დღის წესრიგის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ტყვეობაში: მშვიდობა, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მტკიცედ უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ძალადობრივი შეტევა ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს კანონის თანახმად. ხელისუფლებას აქვს ამის ლეგიტიმაცია და მოვალეობა;
საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებსა და დედაქალაქში, ხალხთან კონტაქტი და პრობლემების გადაჭრა მათი ჩართულობით;
პოლიტიკის გახსნა ახალი, წარმატებული და მომავლის ხედვის მქონე ადამიანებისთვის - დესტრუქციული ძალების ნაცვლად, ახალი, პოზიტიური ალტერნატივების ხელშეწყობა. 2020 წლის არჩევნების შედეგად უფრო მშვიდი, დაბალანსებული და საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება”, - წერს არჩილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.