გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო დიალოგში თემაზე: „როგორ იცავს ქალებს კანონი“

17-02-2018

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით გამართულ დიალოგში თემაზე: „როგორ იცავს ქალებს კანონი“.


თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის კონსტიტუციაში.


„ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაჩნდა კონსტიტუციაში, რომელიც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს აკისრებს იმისთვის, რომ სპეციალური მექანიზმები შეიმუშაოს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იყო ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სამართლებრივი ბაზის დახვეწისკენ, ასევე „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტზე და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ წელს პირველად, საქართველოს პარლამენტში, ორ კანონპროექტზე განხორციელდა გენდერული ზეგავლენის შეფასება. მისივე თქმით, ეს პრაქტიკა პარლამენტში წელს კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული.


თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმები და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, კერძოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. მისივე თქმით, იგეგმება პარლამენტის რეგლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭო მანდატის გაძლიერებისთვის ცვლილებების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს საბჭოს მანდატს ეფექტური საზედამხედველო საქმიანობისთვის.


დიალოგში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტმა, დეა გოშხეთელიანმა, რომელიც თავად იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით დეა გოშხეთელიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.


„აქ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დეას მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა და გამბედაობა ჭირდება წინ აღუდგე ძალადობას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ოჯახის წევრებისგან ან ყოფილ ოჯახის წევრებისგან მომდინარეობს. ამას ჭირდება უდიდესი შინაგანი ძალა, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადატანა, თუმცა ასეთი შემთხვევები ხშირად გავლენას ახდენს ბევრი სხვა ქალის მდგომარეობაზე და მაგალითის მიმცემია სხვებისთვისაც. გენდერული თანასწორობის საბჭომ ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა ადრე განცხადება და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


დეა გოშხეთელიანმა ისაუბრა თავის ისტორიაზე და ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებაზე, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაზე და მედიის როლზე.


დიალოგში მონაწილება მიიღეს სტუდენტებმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031