გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომბუდსმენი: ვიმედოვნებთ, უზრუნველყოფილი იქნება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება

18-07-2019

სახალხო დამცველი „რუსთავი 2–ის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედია გარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხი. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსათვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში. როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა. 

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედია გარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია; თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები, უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება"-ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930