20-07-2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, პასუხი, „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შეთავაზებაზე, ჯერ არ აქვს.
„დღეს გვექნება ჩვენ შეხვედრა ჟურნალისტებთან, გუნდთან, ვისგანაც მოდის ეს შეკითხვა და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამაზე, დაახლოებით, 4-5 საათისთვის, მანამდე პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით და გაცნობებთ აუცილებლად. ყველა გაიგებს, პირველ რიგში ის ადამიანები, ვინც დასვა ეს შეკითხვა, საზოგადოებას გავაგებინებთ ჩვენს პასუხს ამასთან დაკავშირებით“ - განაცხადა პაატა სალიამ.
კითხვაზე, მისთვის არის თუ არა მისაღები ასეთი საბჭოს შექმნა, ტელევიზიის დირექტორმა უპასუხა, რომ ამაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არის.
რაც შეეხება მედია საბჭოს წევრებს, თუ ეს შეთავაზება დამტკიცდა, პაატა სალიას თქმით, კანდიდატურებზე შემდეგ ისაუბრებს.
"თუ მივიღებთ, მერე ვისაუბროთ კანდიდატურებზე, ჯერ არ დგას ასე საკითხი, რომ კანდიდატურებზე ვისაუბროთ, შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაიმე კონტრწინადადება, შეიძლება რაღაც იყოს მისაღები, რაღაც არ იყოს მისაღები,შეიძლება საერთოდ არ იყოს მისაღები ან სრულად იყოს მისაღები, ჯერ არ გვაქვს ამაზე კონკრეტული პასუხი, დღეს მექნება და აუცილებლად გაგაგებინებთ" - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდმა ახალ მფლობელსა და დირექტორს, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზა. მედია საბჭო ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს. მასში უნდა შევიდნენ მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.