20-07-2019
"სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე "კია მოტორსის" ცენტრის ტერიტორიის დათვალიერებისას განაცხადა, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება.
"ჩვენი მიზანია, მოსახლეობას ვუთხრათ სიმართლე და არავის მივცეთ საშუალება, ის შეცდომაში შეიყვანოს. ამ ტერიტორიაზე ამჟამად არის "კიას" ცენტრი და ყველა ხედავს, თუ რა მდგომარეობაა აქ. რამდენიმე თვის წინ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით, მათ სურვილი ჰქონდათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის, უნდოდათ, განახლებული ტექმომსახურების სადგურის პროექტი განეხორციელებინათ. ჩვენ მესაკუთრეებთან გვქონდა არაერთგზის კომუნიკაცია, რომ იქნებ სხვა პროექტი განხორციელებულიყო. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ აქ გაკეთდება დასასვენებელი სივრცის, ორანჟერეის სტილის პროექტი, ზუსტად იგივე მოცულობის, როგორითაც დღეს აქ წარმოდგენილია "კიას" ცენტრი, იმ შენობა-ნაგებობის მაგივრად, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე გავეცით ნებართვა, ძალიან დიდი ტყუილია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რათა დედაქალაქში მაქსიმალურად მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას.
"ეს ეხება ისეთ ადგილებსაც კი, სადაც წლების განმავლობაში გასხვისებული იყო მიწის ნაკვეთები. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ვაკის პარკი შემიძლია მოვიყვანო, სადაც 9-სართულიანი შენობა-ნაგებობის პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი და სასამართლოშიც კი წაგებული გვქონდა ეს დავა. იქაც შევედით მოლაპარაკებებში და დავითანხმეთ მესაკუთრეები, მომხდარიყო ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და ვაკის პარკში ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულიყო. იგივე მიდგომა გვქონდა, როდესაც კუს ტბის ასახვევში, მწვანე სივრცეში აპირებდნენ რამდენიმესართულიანი სასტუმროს მშენებლობას. ამით მინდა ავუხსნა ჩვენს მოსახლეობას, თუ როგორი მიდგომა აქვს დედაქალაქის მერიას მწვანე სივრცეებისადმი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება. ხორციელდება პროექტი, რომელიც ამ არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისით სარგებლობის შესაძლებლობა",-აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, სამშენებლო კომპანია "ანაგის" დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის განცხადებით, ორანჟერეა "კია მოტორსის" ძველი პროფილაქტიკის ადგილზე განთავსდება. მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და დაახლოებით 12-14 თვეში დასრულდება.
"ეს იქნება ძირითადად, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო დარბაზი, სადაც ალბათ კორპორატიული საღამოებიც გაიმართება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იქნება კლასიკური რესტორანი, იქნება ღია სივრცე, ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები და საინტერესო", - აღნიშნა ზაზა გოგოტიშვილმა.