21-07-2019
„სტრასბურგმა თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება “ - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.
ნიკოლაშვილის აზრით, სასამართლოს სამმა გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად მოიცვა „მედასავლეთეების“ მმართველობის ყველა ასპექტი - პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნისმიერ წინასწარგანზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა.
„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შეეცვალა მფლობელი, რითაც დასრულდა მრავალწლიანი დავა მფლობელებს შორის. გადაწყვეტილება იმდენად ცალსახად იყო დაწერილი ერთმნიშვნელოვანი სარეზოლუციო ნაწილით, რომ აბსოლუტურად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნებისმიერი მხარისთვის, როგორც რუსთავი 2-სთვის, ისე ნებისმიერისთვის. გადაწყვეტილებამ არ დატოვა სივრცე არანაირი ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა. მის აღწერილობით მსჯელობაში გადმოცემულია ისეთი პასაჟები, რაც მთლიანად ამხელს და აშიშვლებს მოსარჩელე მხარის სრულ უტიფრობას. თუმცა ამაზე ქვემოთ. რუსთავი 2-ს მფლობელებმა და მენეჯმენტმა გამოაცხადეს სრული კაპიტულაცია, ხოლო მისმა განადგურებულმა დირექტორმა უხალისოდ დაიწყო ბარგის ჩალაგება. ერთადერთი იმედი, რაც არხის ყოფილ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დარჩა, არის მრავალწლიან მედიაქილერობაში გამობრძმედილი ჟურნალისტური კორპუსი, რომელიც ჯერ ფარად აიფარა არხის დირექტორმა საკუთარი სკამის დასაცავად, შემდეგ კი დატოვა თავისი საქმის იდეურ გამგრძელებლებად და ჯარისკაცებად, რომლებიც უმალ უნდა მოკვდნენ ბრძოლის ველზე, ვიდრე დატოვონ ასპარეზი” - წერს გურამ ნიკოლაშვილი.
აქვე იგი აქვეყნებს ამონარიდს პრეს-რელიზიდან, რომელშიც ვკითხულობთ:
„სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სისტემატიურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები სხვადასხვა მოსამართლის წინააღდეგ აცილებასთან დაკავშირებით იურისდიქციის სამივე დონეზე, რაც იყო მართლმსაჯულების ადმინისტრირების პარალიზების სავარაუდო მცდელობა, ხოლო „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მედიაში გააკეთა უხეში და ღვარძლიანი თავდასხმები შიდა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული იყვნენ მფლობელობის უფლების განხილვაში და ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი დარჩენილი სარჩელები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის მფლობელების მიერ იყო წარდგენილი, ისევე როგორც ყველა ის სარჩელები, რომლებიც რუსთავი 2-ის მიერ იყო წარდგენილი, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად“.
როგორც გურამ ნიკოლაშვილი აღნიშნავს, „აქამდე არხის იდეოლოგიური დაცვის გარანტიას წარმოადგენდა მისი სრულიად ფორმალური კუთვნილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებისადმი. მას შემდეგ, რაც საკუთრება გადავიდა ადრეული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში, ტელეკომპანიის დაცვის ხაზი აეგო ნარატივზე „შენარჩუნდეს ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკა“. ამ ლოზუნგის ქვეშ ირაზმება დღეს მედია, არასამთავრობო სექტორი და უცხოელ წარმომადგენელთა ნაწილი“
ამასთან, მისი თქმით, „იმ ფონზე, როცა რუსი გავრილოვი მართლაც ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იხუვლა ანტისაოკუპაციო ღრიალმა, წლობით ნაგროვები მესიჯები კრისტალიზდა და ათასგზის გაღვივებული აგრესია რუსთაველზე გადმოინთხა, სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ყველაფრის ფონზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება სამ საქმეზე, რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ.
„ამ გადაწყვეტილებამ ამხილა რეჟიმი, ამ გადაწყვეტილებამ გააშიშვლა მათი სახე, ამ გადაწყვეტილებამ თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება. ძალადობრივი რეჟიმი ფიზიკურად დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც პოლიციელს წაერთვა ხელკეტი და ძალადობრივი რეჟიმი მენტალურად დასრულდა 2019 წლის 18 ივლისს, როდესაც ნიღაბი ჩამოეხსნა და ფარდა აეხადა რეჟიმს, იდეოლოგიას და ნარატივს, რაც მჭიდროდ იყო შეფუთული დასავლურ ღირებულებებად სახელდებულ ვერცხლისფერ ქაღალდში” - წერს გურამ ნიკოლაშვილი.