გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე მესამე სექტორსა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

21-07-2019

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე სექტორის არცერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოუღია სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიამ გამოიყენა ისეთი ფრაზები, რომელშიც არ დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა.

„სტრასბურგი წერს გვარამიაზე, რომ მან გამოიყენა ისეთი ფრაზები როგორიცაა - „მიწა დაიწვება მოსამართლეების ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „თემიდის მარიონეტი“, „ფსევდომსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“ და ა.შ. არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა. ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა და სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მფლობელებმა სისტემატურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები. ანუ, სტრასბურგმა თქვა, რომ ეს ხალხი მთელ ქვეყანას, ყველა იმ არგუმენტს და ამბავს, რასაც ორი წლის წინ ელაპარაკებოდნენ, ატყუებდნენ. ისინი არიან ფსევდოდასავლელები, ფსევდოევროპელები, ევროპამ განაჩენი გამოუტანა ამ ხალხს და თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ორი წლის წინ არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ევრონაცები, ნაცები ამბობდნენ, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აქ იყო უკანონობა, სტრასბურგის სასამართლო კი საპირისპიროს ამბობს. 

„მთავარი არის, რომ სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს უმაღლესი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი და ამ არბიტრს ჰქვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. მან თქვა, რომ ეს ხალხი იტყუებოდა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საკუთრების უფლებაზე საერთოდ არ იმსჯელა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საერთოდ არ იმსჯელა და ამიტომ გააუქმა დროებითი მექანიზმი. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე 7-7 ხმით ყველა ეთანხმებოდა. აქ 6-ით ერთის წინააღმდეგ თქვა, რომ ასეთი უფლება არ დარღვეულა“ - განაცხადა მამმუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, მათი ლიდერები პირდაპირ ეთერში ასევე ცალსახად იტყუებოდნენ, რომ აღსრულება სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ხელს შეუშლის გასაჩივრების უფლების რეალიზაციას.

„სიტყვით ეს ადამიანები იყვნენ დასავლეთისკენ, დეკლარირებდნენ დასავლური მესიჯებით, მაგრამ საქმით, ყველა შედეგით იყვნენ რუსეთისკენ, რუსული ნარატივი იყო მათ შედეგებში, ის რაც აწყობდა რუსეთს, ამას აკეთებდნენ, ოღონდ დეკლარირებდნენ ევრუპულად. რაც მთავარია, ამას დღეს ბეჭედი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ ის ყველაფერი, რასაც ენჯეოს წარმომადგენლებთან ერთად ატყუებდნენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ეს იყო ტყუილი და ეს თქვა დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა არბიტრმა - სტრასბურგის სასამართლომ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930