22-07-2019
სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული დედის, ლელა ქსოვრელის საქმეზე დღეს ბრალდებულის დედა და და დაიკითხებიან. ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა.
დაცვის მხარეს კი გამოსაკვლევ მტკიცებულებებში რამდენიმე მოწმე ჰყავს. მომდევნო სხდომაზე სასამართლოს ჩვენებას თავად ბრალდებული ლელა ქსოვრელი მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა. გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს, ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარეგინდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ“, - აცხადებენ პროკურატურაში.
https://www.interpressnews.ge/ka/