22-07-2019
დღეს შპს ,,ქუთექსის (ტექსტილის საწარმო - მის. საქართველო,
ქალაქი ქუთაისი, გამზირი ზ. გამსახურდია , N 45) თანამშრომლები ქარხანასთან შეიკრიბნენ და დამსაქმებლის უკანონო მოქმედებები გააპროტესტეს. მათი თქმით, ტექსტილის ფაბრიკაში დიდი ხანია გრძელდება დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევა.
ტექსტილის ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ სისტემატურად უგვიანებენ ხელფასებს, ივნისის თვის ხელფასი კი, დღემდე არ ჩარიცხულა. გარდა ამისა, დამსაქმებლები საკუთარი შეხედულებების მიხედვით, იძულებით აჩერებენ დასაქმებულის შრომით საქმიანობას და მათ იძულებით გაცდენილი დღეებისათვის ხელფას უქვითავენ. ამჟამადაც, თანამშრომლებს მიეცათ მითითება - დაბუნებულიყვნენ სახლში და საჭიროების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას შეჰპირდნენ. საწარმოს მუშაკები აცხადებენ, რომ მათთან 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ შრომით ურთიერთობას და შესაბამისი ხელფასის მიღების უფლებას გულისხმობს.
დასაქმებულები ასევე ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით საკუთარი შეხედულების მიხედვით - ყველა თანამშრომელი ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აგვისტოში გადის არაანაზღაურებად შვებულებაში, საშვებულებო ანაზღაურება კი, დაპირების მიუხედავად, მათ არ ეძლევათ.
დასაქმებულები ასევე საუბრობენ ადმინისტრაციის მხრიდან უხეშ მოპყრობაზე, ხმამაღალ მითითებებზე და სამუშაო პირობების განძრახ გაუარესებაზე.
შ.პ.ს. ქუთექსში 15 ივლისს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირში შემავალი პირველადი პროფკავშრული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელმაც დახმარებისათვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისს მიმართა.