22-07-2019
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება. ამის შესახებ ოქრუაშვილმა პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც მას ჰკითხეს, თუ როგორ იშოვა „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანხა.
ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 1 მილიონ 200 ათასი დოლარი ლევან იმნაიშვილის დახმარებით გადაუხადა და თან „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილიც გადაუფორმა, რომლის მესაკუთრე მანამდე თავად ოქრუაშვილი იყო. ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ მისცა მას 1 მილიონ 200 ათასი დოლარი.
დღეს სასამართლომ მისი სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.