24-07-2019
ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი აზრით, ყველა ყველას იცნობს და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცას ყველაფერი უნდა შერჩეს.
ანალიტიკოსი წერს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"რა თქმა უნდა ყველამ ვიცოდით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, რა თქმა უნდა ყველამ ვიცოდით რომ მათ მიერ შესაძლო კანონდარღვევებთან მიმდინარეობდა გამოძიება, რა თქმა უნდა ყველა ველოდით გაგრძელებას, რა თქმა უნდა არავის უნდა შერჩეს დანაშაული, რა თქმა უნდა ყველა უნდა აგებდეს კანონის წინაშე პასუხს და ა.შ, სწორედ ამ ,,რა თქმა უნდათი" საუბრობს ყველა, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი დანაშაულისთვის ნებისმიერი პასუხის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან.
ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყველა ვიღაცასთან არის დაკავშირებული, ყველა ყველას იცნობს, ყველას აქვს თავისი შეხედულებები და ამ ლოგიკით, საქართველოში ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს? ისიც კარგად ვიცით, რომ უკვე ამდენი წელია თითქოს შევეჩვიეთ იმას, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ვერავინ ეხება, მაგრამ ეს ,,რა თქმა უნდა" და ,,ვერავინ" თუ ოდესმე არ დამთავრდა, ყოველთვის ერთ წრეზე ვისრიალებთ, ჩვენ კიდევ ეს წრე, ოდესმე მაინც უნდა დავამთავროთ.
ეს არის ის, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ მაინც გვაქვს ,,პრეტენზიები", მაგრამ ვისთან ან რისთვის, ეგ ჯერ არ ვიცით.
კანონის წინაშე, ყველანი ვართ თანასწორნი - წერტილი!!!", - წერს ირაკლი ლატარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, დღეს, გამოიტანა დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.