24-07-2019
„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს იმიტომ, რომ მართალი ვარ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც პროკურატურაში მივიდა.
ის არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაში მისი დაბარება ბიზნესმენის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.
„მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, ეს საქართველო არის ჩვენი. ეს ქვეყანა უნდა გახდეს, ძლიერი, ევროპული ორიენტაციის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარსადგენად დღეს დაიბარა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.