გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შეძენით რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული

18-02-2018

„რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც სეტყვასაშიში პროცესების მაღალი რისკებია, დიდი დაინტერესებაა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით. უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით“, – ამის შესახებ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.


„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი, ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. ამან გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ, როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“ – აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.


მისივე თქმით, კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. „გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება“, – განაცხადა ძოძუაშვილმა.


„დელტას“ მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა ჯამში 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. წლის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ეფექტიანობამ 25 600 000 ლარი.


სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის შექმნა 15 მილიონი ლარი დაჯდა. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით.




geopressnews.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930