25-07-2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანა, რომლისთვისაც სატრანზიტო პოტენციალი და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბება პრიორიტეტს წარმოადგენს, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ აყენებდეს ანაკლიის პორტის შესაძლებლობას.
"მით უმეტეს, როდესაც სხვა ალტერნატივასთან დაკავშირებით ამდენი შეკითხვა არსებობს. კერძოდ, რომან კაკულიას განცხადებით, მას არასოდეს უნახავს ტექნიკური დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ტერიტორიაზე, ფოთში შესაძლებელია ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთება. -”როდესაც ვსაუბრობ, რომ შესაძლებელია თუ არა, ვგულისხმობ კონკურენტუნარიან შესაძლებლობას. თორემ რიონიდან შემოდინებული ქვიშა კი არა, რიონიც შეიძლება გადაკეტოს ადამიანმა ერთჯერადად. ამ განცხადებას არ ახლავს ტექნიკური დასაბუთება, თუ რამდენად შესაძლებელია ეს. მაშინ, როდესაც გაკეთდა განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზე, თავის დროზე, ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ეს იწყება იმიტომ, რომ ფოთის პორტს არ გააჩნია ამის შესაძლებლობა. ვაზუსტებ - იქიდან შეიძლება იყოს გატანილი გარკვეული მასა, რომელიც რიონს შემოაქვს, მაგრამ თუ ის ხშირად შემოდის, მაშინ ის იმ ხარჯებს უკავშირდება, რომელიც შესაძლოა კონკურენტუნარიანი არ იყოს“-აცხადებს კაკულია.
მისივე თქმით, -„თუ ვინმე იტყვის, რომ ეს კომპანიის საქმეა, ვუპასუხებ, სახელმწიფოს არ შეეძლო დარჩენილიყო იქ ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთების კონკურენტუნარიანობის ანალიზის გარეშე და ამიტომ სავსებით ლოგიკური იყო, რომ ანაკლიის იდეა გაგრძელდა. იმიტომ, რომ ქვეყნისათვის სატრანზიტო პოტენციალი და სატრანზიტო ხაბად ჩამოყალიბება თუ წარმოადგენს პრიორიტეტს, და ეს ნამდვილად ასეა, როგორ შეიძლება ასეთი ქვეყანა ეჭვის ქვეშ აყენებდეს ამ პორტის შესაძლებლობას, როცა სხვა ალტერნატივასთან ამდენი შეკითხვები არსებობს“.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე არ გამორიცხავს, რომ ფოთის პორტის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა განიხილონ, როგორც მომავალი კონკურენტის წინააღმდეგ მიმართული განცხადება -„ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება და ამიტომ ახლა ჩვენ ხომ ვერ დაველოდებით როდის გაირკვევა ეს კონკურენტუნარიანობის ნაწილი, ამ ღრმაწყლოვანი შესაძლებლობის პორტში რა ჩანაფიქრს ახორციელებდა დღევანდელი მფლობელი. ჩემი კომიტეტი მუდმივად უჭერდა მხარს და მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას ანაკლიის პორტის განვითარების შემდგომ გაგრძელებაში და სატრანზიტო პერსპექტივის მქონე ქვეყანად ჩამოყალიბების საქმეში"-აცხადებს დეპუტატი.