27-07-2019
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 19 ივლისს საქართველოსთვის დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფარგლებში დანიშნულმა არბიტრმა არ დააკმაყოფილა.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლის 2 აპრილს საგანგებო არბიტრმა გამოიტანა გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებების შესახებ და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოქუაშვილისმოთხოვნა და დაავალა მოპასუხე საქართველოს თავი შეეკავებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულებისგან. თუმცა, ამავე საარბიტრაჟო ინსიტიტუტისფარგლებში, არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა 2 ივლისს.
“გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვალა, რადგან საქმე არ გადაეცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
საქმე საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გადაეცა იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, არ აღიარებს მოცემულ დავაზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის იურიდისდიქციასდა, საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, დადგენილ 90 დღის ვადაში მის მიერ არ განხორციელდა ხარჯების წინასწარი გადახდა. (სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის მხარეების მიერ გადასახდელი თანხა ჯამში იყო 520 000 ევრო, აქედან გადასახდელი – 260 000 ევრო (ნახევარი). ხარჯების თავის კუთვნილი ნახევარი გადაიხადა ზაზა ოქუაშვილმა”.
მიუხედავად იმისა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხარჯის გადახდა დააკისრა, თეა წულუკიანის უწყებამ თანხა არ გადაიხადა.
“იმის გამო, რომ ქართული მხარე არ აღიარებს აღნიშნული საარბიტრაჟო ინსტიტუტის იურისდიქციას, სახელმწიფომ არ გადაიხადა არბიტრაჟის ხარჯები.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა მიუთითა ზაზა ოქუაშვილს, რომ თავად გადაეხადა მთლიანი ხარჯი და ქართული მხარის გადასახდელი არბიტრაჟის ხარჯების გადახდისთვის, ზაზა ოქუაშვილისვემოთხოვნით, ვადა გადაუწია 2 აგვისტომდე, რაც ოქუაშვილისმიერ არ შესრულდა.
ასევე, იმის გამო, რომ არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილებამ 2 ივლისს ძალა დაკარგა, 2019 წლის 15 ივლისს, ზაზა ოქუაშვილმა კვლავ მიმართა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტს და მოითხოვა საგანგებო არბიტრის ხელახალი დანიშვნა და საქართველოს სახელმწიფოსთვის დროებითი ღონისძიებების ხელმეორედ დაკისრება. ამ მოთხოვნისას ზაზა ოქუაშვილი ეყრდნობოდა იმავე საფუძვლებს რასაც უთითებდა პირველი საგანგებო არბიტრაჟის ფარგლებში.
ზაზა ოქუაშვილი 15 ივლისის სარჩელში ასევე მოითხოვდა საქართველოსთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას, რათა არ აღსრულებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება”.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელმა, წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
“ზაზა ოქუაშვილს არ ამოუწურავს ის სამართლებრივი საშუალებები, რაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო ადგილობრივ დონეზე და პირდაპირ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს ისე, რომ არ მიუმართავს ადგილობრივი სასამართლოსთვის აღსრულების გადადების ან განწილვადების მოთხოვნით.
ასევე, ოქუაშვილმა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწვეტილების ცნობა -აღსრულების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან თითქმის ორ თვეში, კერძოდ 20 მაისს, თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება მისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, გასაკვირია რატომ იცდიდა ის ამდენ ხანს.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ფარგლებში გასამართი აუქციონის ჩატარება აღსრულების შესახებ კანონის თანახმად მოითხოვს გრძელვადიან პროცედურებს (რამდენიმე თვეს – რეალიზებისთვის განკუთვნილი ქონების აღწერა, შეფასება) და სახეზე არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც ოქუაშვილი უთითებდა თავის განაცხადში”.
უწყებაში ამბობენ, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ამ არგუმენტების შემდეგ “2019 წლის 19 ივლისს საგანგებო არბიტრმა არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა და მიუთითა რომ არ არსებობს დროებითი ღონისძიებების დადგენის გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც სხვა გარემოებებთან ერთად, მოწმობს ზაზა ოქუაშვილისმიერ უზენაესი სასამართლოსადმი მიმართული დაგვიანებული მოთხოვნა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა-აღსრულების შესახებ.
ასევე, საგანგებო არბიტრმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ოქუაშვილს უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ თავად გადაეხადა მოპასუხის (საქართველოს) ხარჯის ნაწილი, რომ ტრიბუნალს გადაცემოდა საქმე და ვადის გასვლა აერიდებინა თავიდან.
საგანგებო არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება ასევე დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ თავისი სუვერენული უფლების განხორციელებას – გადასახადების მოკრებას, რა დროსაც საგანგებო არბიტრის უფლებამოსილება შეზღუდულია, ვინაიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფო სუვერენიტეტში არასათანადო ჩარევა.
არბიტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საგადასახადო დავალიანებასთან, რომლის არსებობას თავად განმცხადებელიც აღიარებს. ამასთან, საგანგებო არბიტრის განმარტებით, საგანგებო არბიტრაჟის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამის მხარეს მიანიჭოს მოკლევადიანი დაცვა საარბიტრაჟო პროცესის დაწყებამდე.
როგორც არბიტრმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა, მეორედ იქნეს დადგენილი დროებითი ღონისძიება, წარმოშობს პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან რეალურად ის ითხოვს ვადაგასული დროებითი ღონისძიების განახლებას.
"საგანგებო არბიტრის განცხადებით, ოქუაშვილმა ერთხელ უკვე მიიღო ეს ღონისძიება 2 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოქმედების 90-დღიანი ვადა ჰქონდა.
განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ მიეღო სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა იმ გარემოების დადგომა, რამაც ვადის გასვლა გამოიწვია”, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.