27-07-2019
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანიის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში.
„28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს; დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში.
მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველო ამ მახრივ უნიკალურია, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას ეროვნული პროექტის სტატუსი აქვს. პროგრამა 2015 წლიდან დაიწყო და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, პრაქტიკამ ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა აჩვენა და შესაბამისად, დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი და ამ სერვისით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ესარგებლა.
„დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. პროგრამის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღეისთვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა მკურნალობა წარმატებით დაასრულა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც ამავე დროს თვალს ადევნებენ მსგავსი მტკივნეული გამოწვევების წინაშე მყოფი პარტნიორი ქვეყნები.
"ეს სიტყვები პირადად მაქვს მოსმენილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან. თუმცა, იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ დაგეგმილი ნაბიჯები შესაძლებელს გახდის 2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციას.
პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.
"აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასა და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველი დღიდან ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის საამაყოა, რომ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მონაწილეობდა ამ ეროვნულ პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც პირველი დღიდან მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს. მადლობა დავით სერგეენკოს და მის გუნდს, რომლის მინისტრობის პერიოდში დაიწყო ეს პროექტი და მადლობა ეკა ტიკარაძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად წარმატებით გააგრძელა ეს პროგრამა. ქართველი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს.
სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით ჩვენ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის რეალიზაცია. განსაკუთრებული მადლობა ფარმაცევტული კომპანია „გილეადს“, რომლის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყებს ახალ კამპანიას „შენ C”.
კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, გამოჯანმრთელებული პაციენტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.