გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი და სოზარ სუბარი მესტიის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

28-07-2019

მესტიის სოფელ ნაკრასა და ფარში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინეს. 

მესტიის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ესწრებოდნენ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად, მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება მაქსიმალურად მოხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრი ნაკრას თემის მოსახლეობას ხილის გადამმუშავებელი საწარმოს გახსნაში დახმარებას დაპირდა. 

,,მოსახლეობასთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას აწუხებს, ფაქტობრივად ერთგვაროვანია და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. თუმცა, არის საკითხებიც, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი და ჩვენი სამინისტროს ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლის განვითარების ახალი სტატეგია გულისხმობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სოფლად სხვადასხვა საქმიანობის ხელშეწყობას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ამასთან, ტყის მდგრადი მართვის პირობებში, ჩვენ უნდა შევძლოთ რესურსების სწორად გამოყენება და მართვა. ხელი უნდა შევუწყოთ ახალი საწარმოების და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე აგროტურიზმის განვითარებას, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ულამაზესი და უნიკალური ბუნების მქონე კუთხეა. სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტო იწყებს მასშტაბურ კვლევით სამუშოებს ტერიტორიის შესასწავლად, შემდგომში დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისთვის. რეგიონში დაცული ტერიტორიის არსებობით, არსებული ეკოსისტემის დაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამასთან, დაცული ტერიტორიების განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რეგიონის პოპულარიზაცია მოხდება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ამსათან დაიწყება სოფლის მეურნეობისა და ტრადიციული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარება. 

2017 წელს, გერმანელი კონსულტანტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა, საქართველოს ეკონომიკაში 87 მილიონი ლარი შეადგინა. დღეისათვის, საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელსაც 20 ადმინისტრაცია მართავს. მათი საერთო ფართობი შეადგენს 667 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ფართობის 9,5 %-ია.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივ მოსახლეობასთან მსგავს ფორმატში კომუნიკაციის მნიშვნელობა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ადგილობრივების პრობლემებისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

,,აუცილებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. დღეს, ადგილობრივი მოსახლეობისგან მოვისმინეთ სოფლებში არსებული პრობლემები, საჭიროებები და მოთხოვნები, რაც ბიუჯეტის დაგეგმვისას, როგორ ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მესტიის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მესტიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობაზე და განსახორციელებელი პროექტებს შერჩევისას, მოქალაქეების აქტიურ ჩართულობაზე. ნაკრასა და ფარში გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძირითად საჭიროებად შიდა გზების, ამბულატორიების და სპორტული დარბაზების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება დაასახელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930