30-07-2019
სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის 100 %-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა არხის დამფუძნებლებს დვალს და აქიმიძეს "რუსთავი 2-ის" წილის 40 პროცენტი შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი „რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე. მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს.
ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქიბარ ხალვაშის შეხვედრა ,,რუსთავი 2"- ის დამფუძნებლებთან დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან, მედიისთვის დახურული იყო.