31-07-2019
ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
მისი აზრით, ეს მიუთითებს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არის არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რაზეც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მუდმივად აპელირებენ, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც აისახა გაზრდილ საგარეო შოკებში.
ექსპერტის აზრით, ეროვნული ვალუტის რეგულაციისთვის საჭიროა, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დაწევით, მაქსიმალურად შემცირდეს ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.
„2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.
ივნისის თვეში ეკონომიკური ზრდა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაც ადასტურებს, რომ განსაკუთრებით 24 ივნისიდან მოყოლებული, ლარის გაუფასურების მიზეზი არის არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რაზეც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მუდმივად აპელირებენ, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც აისახა გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით; სავალუტო კურსის გაუფასურების ფაქტორებიდან, საგარეო ვაჭრობაზე, არანაკლებ ნეგატიურ ზეგავლენას სწორედ პოლიტიკური რყევები და ნეგატიური მოლოდინები ახდენენ.
აქედან გამომდინარე, ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდაც, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წლის დასაწყისში 4. 6 %-ზე გათვლილ, წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, ადასტურებს დღეს საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას.
ახლა მთავარია, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევით, მაქსიმალურად შემცირდეს ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენა, რასაც ხელს შეუწყობს 2019 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების დროული განხორციელება, პირველ რიგში მეწარმეობის და ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.