31-07-2019
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16.0 ათასი
საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა
4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე).
ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა.
აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს
გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი
პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით)
აღემატება.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ
რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 1.9 პროცენტით გაიზარდა. ბოლო ათწლიანი
პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.
2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა,
დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ,
ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით,
სიმსივნეების - 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 30.7
პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა
სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო
სისტემის ავადმყოფობების - 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის
- 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 57.2
პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და
გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის
ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი
სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) ავადმყოფობები.