1-08-2019
ექსპერტი გია აბაშიძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"რა ხდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო?
სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, კონსორციუმი კი არა. 2016 წლიდან დღემდე საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნით, შესულია 40-ზე მეტი ცვლილება და გაფორმებულია 10 შეთანხმება.
მოკლე factchecker:
- 2016 წლის 3 ოქტომბერს, მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა.
მთავრობამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. ამ გადასაცემი მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფომ დახარჯა 58.6 მილიონი ლარი. დანარჩენი მიწების (დაახლოებით 78 ჰექტარი) გადაცემა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის, რომლის ვადამ ისევ გადაიწია.
პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროცესი დაწყებულია - ტენდერში გამარჯვებული, ავსტრალიური კომპანია უკვე მუშაობს გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე. დასრულებული პროექტის დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის პორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კონკურსი და არც კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე გამართული მოლაპარაკებები არ ითვალისწინებდა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას. კონკურსის პირობებში თავიდანვე იყო დაწერილი, რომ სახელმწიფო ამ პროექტში, მიწების გადაცემის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და რკინიგზის გაყვანის გარდა, ფინანსურ მონაწილეობას არ აპირებდა. კონკურსის პირობის თანახმად, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა პორტის მართვას და ტვირთების მოზიდვას. თუმცა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნით, 2016 წლის 3 ოქტომბერს კონსორციუმსა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდა წინასწარი მემორანდუმი ანაკლიის პორტის პროექტისთვის გრძელვადიანი სუბორდინირებული $100 მილიონი სესხის გაცემის შესახებ. ამ თანხით სახელმწიფო დაეხმარა კონსორციუმს მისი საკუთარი კაპიტალის შევსებაში და ფინანსების მოზიდვაში. ეს თანხა კონსორციუმზე გაიცემა მაშინ, როცა კონსორციუმი უზრუნველყოფს მშენებლობისათვის საჭირო სასესხო დაფინანსების მოძიებას. ამ დაფინანსების მოძიების ბოლო ვადა 2019 წლის 30 ივნისი იყო...
2016 წლიდან დღემდე საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნით, შესულია ორმოცზე მეტი ცვლილება და ამაზე გაფორმებულია 10 შეთანხმება. ცვლილებები ითვალისწინებდა ინვესტორის მიერ დაფინანსების მოპოვების, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების, პორტის ოპერატორის შერჩევის და სხვა ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას. ამ ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა დაახლოებით $11,5-მილიონიანი ჯარიმა.
კონსორციუმის თხოვნას-მოთხოვნით, მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების ვადები უკვე 6-ჯერ გადავადდა.
2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მთავრობა მოლაპარაკებებშიც კი ჩაერთო. მთავრობას წარედგინა ხელშეკრულებაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების 8-პუნქტიანი პაკეტი, რაზეც მთავრობა ფაქტობრივად დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა.
კონსორციუმი ამ წლების განმავლობაში მუდმივად ირწმუნებოდა, რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა/გადაწევა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე არ აისახება და პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებდა. სადღეისოდ კონსორციუმმა წარმოადგინა ბოლო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, პორტის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ივნისშია გათვალისწინებული.
მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, კონსორციუმმა ამ დრომდე ვერ შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობის მიღება 400 მილიონი დოლარის სესხის გაცემაზე და ვერც 120 მილიონი დოლარით შეავსო საკუთარი კაპიტალი. ამჟამად კონსორციუმს ბანკებთან საბოლოო მოლაპარაკებებისათვის დამატებითი დრო 2019 წლის 1 ივლისის ნაცვლად, ისევ გადაუვადდა 2019 წლის ბოლომდე.
⁉️ ამგვარი ფაქტების ფონზე იმ ცრუ ნარატივის ტირაჟირება, რომ მთავრობა აფერხებს ანაკლიის პროექტს, ბიძინამ პუტინის მოთხოვნით სუდარა ღრმაწყლოვან პორტ გადააფარა და ა.შ. არის სრული სისულელე და ცრუ რეალობის წარმოჩენის მცდელობა.
რა საჭირო იქნებოდა პროკურატურა ხაზარაძესთან "საბრძოლველად", თუკი მის გარეშეც ხელისუფლებას შეეძლო ამდენი გადავადება აღარ უზრუნველყო და მარტივად ჩამოერთვა კონკურსში გამარჯვებულ უნიათოსათვის პორტის მსენებლობის ექსკლუზივი? ამაზე არ გიფიქრიათ?..
ხელისუფლებას კი მართებს მარტივად და მასობრივად რეალობის მიტანა საზოგადოებამდე. არაა ვალდებული ყველა იყოს ანალიტიკოსი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი აუცილებლად აშენდება", - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.