1-08-2019
ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს წერს.
"მიუხედევად პოლიტიკოსების და ექსპერტების უამრავი კომენტარის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე ქართულ საზოგადოებას, ვფიქრობ მაინც ბუნდოვანი და ხშირად მცდარი წარმოდგენა ექმნება.
სამწუხაროდ, ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები პირადი „დივიდენდების“ მოპოვების საშუალებად იყენებენ. არსებულ სიტუაციაში არაჯანსაღი აჟიოტაჟის შეწყვეტისათვის აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ კონკრეტულ და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით თვითონ გააკეთოს საკუთარი დასკვნა. რისთვისაც გთავაზობთ:
ანაკლიის პორტი - მხოლოდ ფაქტები
საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენდა:
1. პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა.
2. საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა.
საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. გადასაცემი მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფომ დახარჯა 58.6 მილიონი ლარი. დანარჩენი მიწების (77,7 ჰექტარი) გადაცემა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის, რომლის ვადამ ისევ გადაიწია.
პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროცესი დაწყებულია ტენდერში გამარჯვებული, ავსტრალიური კომპანიის წევრი - კომპანია „სმექი“, უკვე მუშაობს გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე. დასრულებული პროექტის დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
ანაკლიის პორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კონკურსი და არც კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე გამართული მოლაპარაკებები, არ ითვალისწინებდა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას. მიუხედავად ამისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნით, 2016 წლის 3 ოქტომბერს კონსორციუმსა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდა წინასწარი მემორანდუმი ანაკლიის პორტის პროექტისთვის გრძელვადიანი (22 წლიანი) სუბორდინირებული 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემის შესახებ, გასაგებად, რომ ვთქვათ - სახელმწიფო აღნიშნული თანხით დაეხმარა კონსორციუმს მისი საკუთარი კაპიტალის შევსებაში და ფინანსების მოზიდვაში.
რაც შეეხება კონკურსის პირობებს: კონკურსის პირობის თანახმად, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა პორტის ოპერირებას და ტვირთების მოზიდვას.
სამწუხაროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები უკვე 6-ჯერ გადავადდა: სასესხო ხელშეკრულებების ძალაში შესვლა გადავადდა 2017 წლის 15 აგვისტოდან ჯერ 2017 წლის 15 ნოემბრამდე, შემდეგ 2018 წლის 15 დეკემბრამდე 2019 წლის 15 ივნისამდე. სრული ფინანსური დახურვის და ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა იყო 2017 წლის 31 დეკემბერი. რაც ჯერ 2018 წლის 31 დეკემრამდე, შემდეგ 2019 წლის 30 ივნისამდე, ამჯერად კი 2019 წლის ბოლომდე გადავადდა.
კონსორციუმი ამ წლების განმავლობაში მუდმივად ირწმუნებოდა, რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა ან გადაწევა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე არ აისახება და პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებდა. დღეს უკვე კონსორციუმმა წარმოადგინა ბოლო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პორტის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ივნისშია გათვალისწინებული.
ფაქტები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ 2017 წლიდანვე დაიწყო კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევა და ამავე დროიდან საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედებისა, დაიწყო უპრეცენდენტო გამონაკლისების და გადავადებების სერია, რასაც მთავრობის მხარდაჭერა ჰქვია და რომელიც დღემდე გრძელდება.
სახელმწიფომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს განახორციელებს ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს კერძო ინვესტიციით, თუ სახელმწიფოს დაფინანსებით.
ვფიქრობ, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დაინტერესებული მკითხველი ორ მთავარ დასკვნას თავად მარტივად გამოიტანს 1. პოლიტიკური შემადგენელი და მითუმეტეს პირადი ანგარიშსწორება რომლის მიბმასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ რიგი პოლიტიური დაჯგუფებები და კონსორციუმის ყოფილი ხელმძღვანელები, არანაირად არ იკვეთება. 2. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კვლავაც მზად არიან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მხარდაჭერისათვის, რისთვისაც კონსორციუმის ხელმძღვანელებმა ადეკვატური ნება და უნარი უნდა გამოიჩინონ", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.