გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: ველოდები დაკავებას, გამოვიძინებ მაინც

1-08-2019

"საგამოძიებო უწყების გააქტიურება ორ საკითხს უკავშირდება. პირველი ეს არის პირადად ჩემი საკითხი, რადგან ახალ ტელევიზიას ვაკეთებ, მეორე - "რუსთავი 2" ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს, კომპანია მიყვავთ გაკოტრებისაკენ. "რუსთავი 2"-ს აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი", - ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორ კომპანიებში, "ინტერმედიასა" და "ინტერმედია პლიუსში" შესვლის ფაქტს.

გვარამიას თქმით, ის, რომ თითქოს მან ტელევიზიიდან ფული წაიღო, აბსურდია.

"ეს არის "ფეიქი", მოგონილი საქმე. მე შემიძლია, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო.

ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხები, სადაც მე არასდროს არაფერი შემშლია. ცხადია, ველოდები, რომ დამაკავებენ. გამოვიძინებ ბოლო-ბოლო.

მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორ საწარმოებში "ინტერმედიასა" და "ინტერმედია პლიუსში" გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების მიზნით გენერალური პროკურატურა დღეს შევიდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

"საუბარია 30-დან 50 მილიონი ლარის ზიანზე, რომელიც „რუსთავი 2-ს“ „ინტერმედიას“ სამწლიანი მუშაობის განმავლობაში მიადგა", - განაცხადა ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველმა. 

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჩაითვლებიან თუ არა ნიკა გვარამია და "ინტერმედია" „რუსთავი 2“-ისთვის ზიანის მიყენების საქმეზე თანამზრახველებად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930