1-08-2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატამ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბერს გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობა. სწორედ აღნიშნული განკარგულებით ჩამოერთვა რამაზ ახვლედიანს სახელმწიფოს მიერ გადაცემული 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შინაარსზე და შედეგებზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი, სპეციალურ განცხადებას საზოგადოებისთვის ხვალ დაგემილ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ. ბრიფინგი „King David“-ში, მე-17 სართულზე, 13:00 საათზე დაიწყება.
საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.
ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა. საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში 2018 წლის მაისში გასაჩივრდა. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.