1-08-2019
რამდენად რეალურია კონსორციუმის მიერ ამ ახალ ვადაში პორტის ამოქმედება, ამ კითხვით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ანაკლიის ღმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს დავით ჯავახაძეს დავუკავშირდით.
„დიახ, დღეს კონსორციუმმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ ანაკლიის პორტი პირველი გემის მიღებას 2021 წლის ოქტომბერში შეძლებს. ამასთან, კონსორციუმის მიერვე წარმოდგენილი განახლებული სამშენებლო გრაფიკის მიხედვით, პორტის მშენებლობას კონსორციუმი დაასრულებს 2022 წლის მაისში. ამ ორი დებულებიდან გამოდის, რომ ანაკლიის პორტი პირველი გემის მიღებას გეგმავს პორტის მშენებლობის დასრულებამდე 7 თვით ადრე. ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც გამორიცხავს პორტის ოპერირების დაწყებას მისი მშენებლობის საბოლოო დასრულებამდე. მარტივად რომ ვთქვათ, არარეალურია მშენებლობის დასრულებამდე 7 თვით ადრე პორტმა მოახერხოს ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების წარმატებით გავლა და უსაფრთხოების ტესტის ჩაბარება. შესაბამისად, წარმოუდგენელია როგორ აპირებს კონსორციუმი პირველის გემის 2021 წელს მიღებას,“-განაცხადა დავით ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა არაერთხელ დაადასტურა, რომ დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიების ვადის გადავადების მიუხედავად, მშენებლობის ვადები არ შეიცვლებოდა და პორტის მშენებლობა დასრულდებოდა 2020 წლის ბოლოს. დღეს, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა
განაცხადა, რომ სრულიად პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2022 წელს დასრულდება, მაგრამ პორტი პირველ გემს 2021 წელს მიიღებს.
https://ipress.ge/new/davith-javakhadze-anakliis-ghrmatsqhlovani-navsadguri-pirvel-gems-2021-tslis-oqtombershi-miighebs/