გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს

19-02-2018

„საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი, საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს“ - ამის შესახებ ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. 
განსაკუთრებულად აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის პოტენციალი. შეხვედრაზე დადასტურდა, რომ საქართველოში, კერძოდ კი ანაკლიაში, ისრაელიდან საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება.
ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკები, საცხოვრებელი, ტურისტული, საფინანსო და ბიზნესცენტრები, რეკრეაციული ზონები - ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება.
ამასთან, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება არა მხოლოდ წარმოების სექტორს, არამედ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებულ შეთანხმებას ჩინეთთან და მიმდინარე მოლაპარაკებებს ინდოეთთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ანაკლიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930