2-08-2019
ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციასთან სინქრონში მოსვლა გახდა იმის საფუძველი, რომ ლარს გამყარება დაეწყო,- ეკონომიკური ექსპერტი იოსებ არჩვაძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი მიიჩნევს, რაც უფრო მცირე ზომისაა ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მგრძნობიარეა იგი შიდა თუ გარე რყევებისადმი.
,,რაც უფრო მცირე ზომისაა ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მგრძნობიარეა იგი შიდა თუ გარე რყევებისადმი. ხატოვნად, იგი შეიძლება შევადაროთ მცურავ საშუალებას, რომლის მედეგობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ზღვის ღელვისადმი. საქართველოში აღნიშნულ ფაქტორს ისიც აძლიერებს, რომ მოსახლეობის გათვითცნობიერებისა და ემოციურობის დონე სერიოზული კუმულატიური დატვირთვის მატარებელიც კია მოსახლეობის, ხელისუფლებისა და ბიზნესისათვის ისეთი თითქმის საკრალური საკითხისადმი, როგორიცაა ვალუტის კურსი. ლარის კურსზე, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა 20-21 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, მაგრამ ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებით, მისი ვარდნის მასშტაბი გაცილებით აღემატებოდა იმ ობიექტურ ნეგატიურ ფონს, რომელიც ზემოხსენებული მოვლენებით იყო განპირობებული. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციასთან სინქრონში მოსვლა გახდა იმის საფუძველი, რომ ლარს გამყარება დაეწყო და დარწმუნებული ვარ, თანდათან მიუახლოვდება მისი ობიექტური წონასწორობის ნიშნულს, რომელიც თავისუფალი იქნება აჟიოტაჟური და უსაფუძვლო ნეგატიური მოლოდინების გავლენისაგან. ბოლო ორი დღის გამყარების ტენდენცია ამისნ დასტურია. ამაში დარწმუნებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც - იმ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური ტენდენციებზე დაყრდნობით, რომლებზეც ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ეროვნული ბანკი (ინფლაციის, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშისა და საგარეო სავაჭრო ბალანსის პოზიტიური დინამიკა). აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროში, მართალია ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ზრდის ისეთივე ტემპი, როგორიც აქამდე იყო, უახლოეს თვეებში ვერ გაგრძელდება, მაგრამ ბოლო კვირეებში განვითარებული პროცესები თავდაპირველთან შედარებით გაცილებით ოპტიმისტური შედეგის მიღების პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას ნამდვილად იძლევიან“,- აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის კურსზე მოქმედი მთავრობისა და ეროვნული ბანკის დროული და ქმედითი ღონისძიებების გატარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას.
,,ბოლო დროს ეროვნული ბანკისადმი გაჟღერებული მოწოდება „ვერბალური ინტერვენციისაკენ“ გულისხმობს საზოგადოების არა მარტო დროულ ინფორმირებას ეკონომიკაში და ეროვნული ვალუტასთან მიმართებაში განვითარებულ პროცესებზე, არამედ აჟიოტაჟური, არასწორი, მცდარი და შესაბამისად, ეკონომიკისა და მთელი საზოგადოებისათვის დამაზიანებელი ინფორმაციის პრევენციას. ზოგადად, ეროვნული ვალუტა ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია და მის იმიჯზე, კურსზე ზრუნვა არა მარტო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, არამედ ბიზნესისა და ზოგადად, მთელი საზოგადოების ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს“,- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.