2-08-2019
ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პოზიტიური მოლოდინების გაჟერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა ძალიან მნიშვნელოვანია,- ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ლარის ვარდნასთან დაკავშირებით ვერ გავექცევით უარყოფითი მოლოდინების ფაქტორს, რაც თავის მხრივ ინსპირირებული იყო ერთი მხრივ რუსეთი შესაძლო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ შიდა არეულობით.
,,ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური მოლოდინების გაჟერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა, თუმცა გარდა არსებული ვითარების ანალიზისა, სასურველი და აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა, მაგალითად მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლართან მიმართებით ბიზნესი მოითხოვს პირველი, პროგნოზირებადობას და მეორე სტაბილურობას. პირველის მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში მყოფი ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეგ მიღწევადია სწორი მაკრო და მიკრო პოლიტიკის განხორციელებით, რაშიც ეროვნული ბანკი უნდა იყოს ეფექტური და მთავრობასთან კარგად შეთამაშებული დამხმარე მექანიზმი.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის ლარის ვარდნას, ვერსად ვერ გავექცევით უარყოფითი მოლოდინების ფაქტორს, რაც თავის მხრივ ინსპირირებული იყო ერთი მხრივ რუსეთი შესაძლო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ შიდა არეულობით. ამას ყველაფერს ცხადია აკვირდებიან ინვესტორები, ბიზნესმენები და შესაბამისად მოქმედებენ, ანუ წინასწარ იმარაგებენ დოლარებს, რაც პირდაპირი წნეხია ლარზე“,- წერს შოთა გულბანი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლარის მოკლევადიანი ვარდნის მიღმა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, რაც მეტწილად პოზიტიურია და ლარზე უარყოფითად არ მოქმედებს, მაგალითად 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ივნისში, წმინდა ექსპორტის ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება და ა.შ.