4-08-2019
იურისტი თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს
"სინამდვილე და მის მიღმა დარჩენილნი!
ანაკლიის პორტის სიღრმე (20,5 მეტრი) შესაძლებელს გახდის პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას.
პორტის გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება.
შვიდეტაპიანი მშენებლობის გეგმის პირველ სამ ეტაპზე, რაც 12-წლიან პერიოდს გულისხმობს, ნავარაუდევია 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა.
კერძოდ, მესამე წელს – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა, ხოლო მეთორმეტე წელს – 40 მლნ ტონა. პროექტის ღირებულება 2,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პროექტი ითვალისწინებს 32 ნავმისადგომის აგებას.
ახალი პორტი, რომელიც 3000 ჰექტარზე მეტ ფართობს დაიკავებს, წელიწადში 60-70 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გადამუშავებას შეძლებს.
ალბათ ეს ინფორმაციაც საკმარისია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივის განსაზღვრისათვის.
მოდით უშუალოდ მიმდინარე საკითხებს შევეხოთ:
სახელმწიფოს მხრიდან ნება გამოხატულია-
სახელმწიფომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს იქნება ეს კერძო ინვესტიციით, თუ სახელმწიფო სახსრებით.
სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირებისაგან მოხდა მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა რაშიც 58.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
დანარჩენი მიწების (77.7 ჰექტარი) გადაცემას კი სახელმწიფო პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის უზრუნველყოფს.
ასევე საყურადღებოა რომ
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნით, 2016 წლის 3 ოქტომბერს კონსორციუმსა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდა წინასწარი მემორანდუმი ანაკლიის პორტის პროექტისთვის გრძელვადიანი (22 წლიანი) სუბორდინირებული 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემის შესახებ, რაც ნიშნავს იმას რომ- სახელმწიფო აღნიშნული თანხით დაეხმარა კონსორციუმს მისივე კაპიტალის შევსებაში და ფინანსების მოზიდვაში.
საყურადღებოა რომ 2017 წლიდანვე დაიწყო კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევა და ამავე დროიდან საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედებისა, დაიწყო უპრეცენდენტო გამონაკლისების და გადავადებების სერია, რასაც ალბათ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ნაწილიც კი მთავრობის მხრიდან მხარდაჭერად აღიქვამს რაც ლოგიკურია.
დღესაც იკვეთება რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მზად არიან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მხარდაჭერისათვის, ამ
მიზნის მისაღწევად მთავარია კონსორციუმის ხელმძღვანელებმა თანმხვედრი ნება და უნარი გამოიჩინონ.
თავად განსაზღვრეთ რამდენად სერიოზულია ამ მნიშვნელოვანი საკითხის პოლიტიკური თუ პირადი ანგარიშსწორების სარჩულის ქვეშ მოქცევა", - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.