4-08-2019
ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პოსტთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
"ანაკლის პორტის კონსორციუმი სახელმწიფოს მხრიდან უპრეცენდენტო ხელშეწყობის რეჟიმშია!
ზაფხულის სიცხითა და ეროვნული ვალუტის რყევებით გათანგული საზოგადოების ყურადღების მხრივ ერთგვარად ჩრდილში მოექცა სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლებმაც უახლოეს წლებში არსებითად უნდა შეცვალონ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული იმიჯი და სრულიად ახლებურად დაანახონ იგი მის მოქალაქეებსაც და საქართველოთი, როგორც საინვესტიციო და სატრანზიტო ქვეყნით, დაინტერესებულ საზღვარგარეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. ლაპარაკია სამხრეთ კავკასიაში უგრძესი და ყველაზე ფართო საავტომობილო 9 კილომეტრიან გვირაბზე საქართველოს სამხედრო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს შემაერთებელი ავტობანსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. პირველი მათგანის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარია, მეორის - 1.1 მლრდ.
დოლარზე მეტი, ხოლო ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის დამთავრება 620 მლნ. აშშ დოლარზე მეტს მოითხოვს.
პირველსა და მეორეზე სახსრები ფაქტობრივად, უკვე მოძიებულია. ამასთან, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება, ლიხს იქეთ და აქეთ გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი და ცალკეულ მონაკვეთებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გზები თავიანთი პრაქტიკული დანიშნულებით, როგორც წესი, საზოგადოებრივი საქონელია, საერთო სიკეთეა, ამიტომ მათზე პატრონაჟი უშუალოდ სახელმწიფოს აქვს აღებული - მშენებლობები უშუალოდ მის მიერ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრებით ფინანსდება.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, იგი თავისი არსით კომერციული ორგანიზმია, მან მოგების მოტანა უნდა უზრუნველყოს და აქედან გამომდინარე, მასში სახელმწიფოს მონაწილეობა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. კომერცია კი მოგებაზე ორიენტირებას ნიშნავს, ამიტომ პორტისადმი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, კერძო ბიზნესმა უნდა გამოხატოს - არა აქვს მნიშვნელობა, ადგილობრივი იქნება იგი თუ უცხოური. აკი ანდაზაც გვახსენებს: „თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოფრინდება“.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში. თუმცა მისთვის (და მთელი საზოგადოებისთვის) უკეთესი იქნება, თუკი ამას კერძო ბიზნესის ინიციატივით და მოზიდული სახსრებით განხორციელდება. ქვეყნის საბიუჯეტო პოტენციალი დაახლოებით 13 მლრდ. ლარია, საიდანაც თითოეული ლარი „მიბმულია“ სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პროექტებზე. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის საპროექტო ღირებულება კი თითქმის უტოლდება წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემ საპენსიო თანხას. შესაბამისად, რაც მეტი თანხა იქნება „გადასროლილი“ კერძო კომერციული პროექტის მხარდასაჭერად, მით ნაკლები რესურსი დარჩება სახელმწიფოს მისი სოციალური ვალდებულებების - განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ბოლო წლებში უპრეცენდენტო დახმარებები და შეღავათები გაუწია, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმში ამყოფა ანაკლიის პორტის კონსორციუმი. - დახმარების სახით, თანადაფინანსებისა (100 მლნ. აშშ დოლარის ინვესტორის კაპიტალში შეტანით) და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანისათვის (კერძო პირებისაგან მათი კუთვნილი მიწების გამოსყიდვა, საგზაო ინფრასტრუქტურის შესბამისობაში მოყვანა და ა.შ.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გაიღო 250 მლნ. ლარი, გადადგა ნაბიჯები, რომლებიც თავდაპირველად არც იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, სულ ცოტა, ექვსჯერ გადაავადა პროექტის რეალიზაციის ვადები, არ დააკისრა 11 მლნ. ლარის საჯარიმო სანქციები...
ანაკლიის პორტის მშენებლობის კერძო კომერციული პროექტის სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფომ, ზემოხსენებული ხარჯების გარდა, თავის თავზე აიღო პოლიტიკური რისკების დაზღვევა (მათ შორის პოლიტიკური ფორს-მაჟორული მდგომარეობისაგან; მზაობა, კანონმდებლობის შეცვლით კონსორციუმის შემოსავლების შემცირების ანაზღაურება). კონსორციუმი ამან მაინც არ დააკმაყოფილა და ამის გარდა სახელმწიფოსაგან კომერციული რისკების დაზღვევაც მოითხოვა. - პოტენციური კრედიტორები (ბანკები) ბუნებრივია, ითხოვენ შესაბამის გარანტიებს საკუთარი სახსრების სარგებლით უკან დაბრუნების თაობაზე, რისი გადაკისრებაც კონსორციუმს სახელმწიფოზე სურს. ეს ნიშნავს: კომერციული რისკების (ტვირთბრუნვის რისკისა და სესხის უზრუნველყოფის) საქართველოს ხელისუფლების მიერ თავის თავზე აღებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სარგებელი, მოგების შემთხვევაში - კონსორციუმს, ხარჯების დაფარვა და შესაბამისი თავის ტკივილი, ზარალის შემთხვევაში - სახელმწიფოსა და მის ბიუჯეტს.
„რკინისებური ლოგიკაა“, არა?!
ეს იგივეა, კინოქრონიკის ოპერატორს მოვთხოვოთ, კამერით სპრინტერების წინ ირბინოს ისე, რომ მათი ანფასში და ორივე მხრიდან პროფილში გადაღება მოასწროს.
მაგრამ თუ ოპერატორი ამდენს შეძლებს, მაშინ ის თავად ჩაიცვამდა სპორტულ უნიფორმას და უკვე ამ სტატუსით მიაღწევდა წარმატებას!
სახელმწიფო აღარ წავიდა ამგვარ დათმობაზე, სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორების როლების დარღვევასა და აღრევაზე, გაუმართლებელი პრეფერენციების დაწესებაზე ერთ კონკრეტულ ბიზნეს-სუბიექტთან მიმართებაში. ეს არასამართლიანი იქნებოდა მთელი საზოგადოებისა და სხვა ბიზნესებისათვის და არაეფექტიანი - საბოლოო შედეგების მიღების თვალსაზრისით იმ ასპექტით, რომ სახელმწიფოს მხრიდან „უსაფრთხოების ბალიშის“ არსებობის განცდა უარყოფით გავლენას მოახდენდა მათი მაღალი კომერციული შედეგების მიღწევის მოტივაციაზე. აღნიშნულ განცდას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ კონსორციუმმა დღემდე ვერ მოახერხა 400 მლნ. აშშ დოლარის სახსრების მობილიზაცია პორტის მშენებლობის პირველი ფაზის უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი დღემდე ვერ ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, პირადად მე ძალიან მინდა, რომ მან ეს შეძლოს და ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობის ლელო ბოლომდე გაიტანოს, მიმდინარე წლის ბოლომდე შეძლოს ინვესტორებთან შეთახმების მიღწევა დაფინანსების მიღებაზე, როგორც შესავსებად, ისე ბანკებთან უზრუნველყოფის ნაწილზე. - არა იმიტომ, რომ რაიმე სიმპათიები ან ინტერესი მამოძრავებს მისდამი ან მისი წევრებისადმი. უბრალოდ, მინდა, რომ ქართული ბიზნესი იმდენად წონადი და ანგარიშგასაწევი იყოს, რომ ხელეწიფებოდეს მეგაპროექტების განხორციელება, ჰქონდეს ნდობის მაღალი მანდატი და რეპუტაცია საერთაშორისო საბანკო და საინვესტიციო წრეებში.
მაგრამ, მაინც რა იქნება, თუკი უკვე მერამდენედ გადავადებული სახსრების მოძიების „ეპოპეა“ ანაკლიის კონსორციუმისთვის წარუმატებლად დასრულდება?
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა „ქრონიკისათვის“ ა.წ. 3 აგვისტოს მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, გამოსავალი ორია: ან მოიძებნება ახალი ინვესტორი (თუმცა, სახელმწიფო ჯერჯერობით არ ეძებს ალტერნტიულ ინვესტორს), ან სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მშენებლობას და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს!
ნებისმიერ შემთხვევაში, ანაკლის პორტი აშენდება! ესაა ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პოზიცია.
რას იზამს ამ შემთხვევაში „უსაქმოდ დარჩენილი“ კონსორციუმი?
ქვეყანაში, რომელიც ეხლა აშენებს დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოს, საქმის მეტი რა არის გასაკეთებელი?! მარტო ყოველ კვადრატულ კილომეტრზე საავტომობილო გზების სიგრძით საქართველო ჩამორჩება: თურქეთს - თითქმის 2-ჯერ, საბერძნეთს - 3-ჯერ, შვეიცარიას - 6-ჯერ... ასე რომ, მარტო ამ კუთხითაც კი „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“! კონსორციუმში შემავალ ბიზნეს-სუბიექტებს, შესაბამისი ნების შემთხვევაში, საკუთარი რესურსების, საერთაშორისო კავშირებისა და სტაფის წევრების კრეატულობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ საქართველოში ისეთი პროექტის (პროექტების) განხორციელება, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მათთვის კომერციულად წარმატებული და რეზონანსული იქნება.
ძლიერ სახელმწიფოს კომპეტენტური, პრინციპული, პატრიოტი და ცოტათი იდეალისტი ადამიანები და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებული ინსტიტუტები აშენებენ", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.