5-08-2019
უდავოდ პოზიტიურმა საკონსტიტუციო რეფორმამ საშუალება მოგვცა შევასრულოთ ეუთოს პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და გვქონდეს თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით, ჩატასრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით, მთლიანად იცვლება დაფინანსების სისტემა, იცვლება საეთერო დროის განაწილება, რომელიც უნდა იყოს მეტად სამართლიანი. ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციას გარანტირებულად ეყოლება კომისიის მეტი წევრი, ვიდრე ხელისუფლებას, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი გახდება გაცილებით ეფექტიანი, ასევე, მხოლოდ 5000 ხელმოწერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურებიც.
„ამ რეფორმით ჩვენ ვქმნით პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც საბოლოო ჯამში, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, რაც თავის მხრივ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.
საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები დადგენილი პროცედურების შესაბამისად უმოკლეს ვადაში აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში,” - აცხადებს მამუკა მდინარაძე.