5-08-2019
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) საარჩევნო საკითხთა ანალიტიკოსის, პაატა ყვავაძის შეფასებით, მომავალი პარლამენტი წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესების შესაბამისად, რაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ამის შესახებ ანალიტიკოსმა „კვირასთან“ საუბარში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაატა ყვავაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ, ცვლილების თანახმად, პარტიების მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობამდე შემცირება მოხდება, რაც საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩევლის ინტერესების რეალისტურად ასახვას შეუწყობს ხელს.
„CDD აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები, პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფს ყველას, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობამდე შემცირება ხელს შეუწყობს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანომ უფრო რეალისტურად ასახოს ამომრჩევლების არჩევანი და ინტერესები. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მომავალი პარლამენტი უფრო მეტად იქნება დაბალანსებული გენდერული კუთხით.
მივესალმებით, რომ საარჩევნო ჯგუფში მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ იქნა cdd-ს რეკომენდაციები და წინადადებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – მანდატების განაწილების წესზე, პროპორციული დაფინანსების საკითხებსა და სხვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობა ნაყოფიერი იყო.
ასეთი კომპლექსური საარჩევნო რეფორმის პირობებში რჩება რიგი დეტალები, რა მიმართულებითაც აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება, თუმცა სამუშაო პროცესი გრძელდება და კანონპროექტის დეტალური ანალიზის შედეგად წარმოვადგენთ ჩვენს საბოლოო შეფასებას.
მომავალი პარლამენტი წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესების შესაბამისად, რაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ყვავაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, მესამე რაუნდში ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობენ.
თალაკვაძის თქმით, „წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს; შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;
პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება – კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;
უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე – მმართველ პარტიას;
წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული;
პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება;
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე მე-6 დღისა;
გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან, სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში;
დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი;
ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა; ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მიღებას დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება. სწორედ ამ მიზნით, ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი”.