6-08-2019
აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში, საბირაბადის რაიონში ერთი ადამიანი ციმბირის წყლულით გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაავადებული საავადმყოფოში იმყოფება.
ეს აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში ციმბირის წყლულით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
რა არის ციმბირის წყლული
ციმბირის წყლული – განსაკუთრებულად საშიში ინფექციური დაავადებაა.
ამ ინფექციის სპორები ნიადაგშია და შესაძლებელია, იქედან სასოფლო სამეურნეო ცხოველების ორგანიზმში მოხვდეს, შემდეგ კი მათგან ადამიანს გადაედოს.
ამიტომ, რისკის ჯგუფში – მეცხოველეობის ფერმების, ცხოველების სასაკლაოს, ხორცის კომბინატის მუშაკები, ხორცის გამყიდველები და ვეტერინარები არიან.
ადამიანს მეორე ადამიანისგან ეს დაავადება პრაქტიკულად არასდროს ედება.
რა მოხდა საბირაბადში
საბირაბადის ცენტრალურ საავადმყოფოს მაღალი სიცხით ორმა ადამიანმა მიმართა, – ჰყვება Azertag. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ ციმბირის წყლული ჰქონდათ და ავადმყოფები ბაქოში გადაიყვანეს.
რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანი – 60 წლის მამაკაცი – გარდაიცვალა. მეორეს ახლა მკურნალობენ.
სურსათის უვნებლობის სააგენტომ საბირაბადში საგანგებო ჯგუფი გაგზავნა, მაგრამ დასნებოვნების წყაროს პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
აზერბაიჯანში 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ციმბირის წყლულით დაავადების 10-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. თუმცა, აქამდე სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.
მთლიანობაში, 2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ციმბირის წყლულით შვიდი ადამიანი დაავადდა.
2014 წლამდე არსებული სტატისტიკა უცნობია.
როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება
იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.
დანარჩენებისთვის საკმარისია, რომ ხორცი მხოლოდ საიმედო ადგილებში შეიძინონ, და ის ნახევრად უმ მდგომარეობაში არ მიირთვან.