6-08-2019
მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობამ აღნიშნული პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა.
„სახელმწიფომ კონსორციუმისთვის გადასაცემად გამოისყიდა მიწები და ამაში გადაიხადა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მთავრობამ აიღო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია - იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში და მე მარტივი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავს ფინანსისტს და მით უმეტეს ექსპერტს უწოდებს, ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო?! დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მეტიც, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ის აუცილებლად ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.