7-08-2019
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით უზნეო განცხადება გააკეთა.
თამარ ხულორდავა საქართველოს პირველ არხთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, პუტინის ომის გაგრძელებაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„ეს უზნეო განცხადებაა, თუმცა მისი ავტორისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის. შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში ასეთი თარიღებისა და მოვლენების გამოყენება არახალია, მაგრამ ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აბსურდული განცხადებაა ჟანრიდან – „ჩემი შენ გითხარი“. სააკაშვილი დღესაც ცდილობს, ომის თემას ტაბუ დაადოს, სრულად აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც ქვეყნის მეთაურმა და მთავარსარდალმა წაგებული ომისა და მისი უმძიმესი შედეგებისთვის, ისევ ის გაცვეთილი პროპაგანდა შემოგვასაღოს საკუთარი გმირობისა და ომში გამარჯვების შესახებ. ამ „გამარჯვებას” ქვეყანა უკვე მეთერთმეტე წელია, დაშვებული დროშებით ხვდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.